Search This Blog

Saturday, December 8, 2012


ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ პატარა ბიჭს შევხვდი.ვერც კი წარმოიდგენთ ისე გავდა პატარა უფლისწულს.დიდი,ლურჯი თვალებით მომჩერებოდა და ბოლოს გაბედა ეთქვა:

“დამიწერე რამეო..” – ცუდი მწერალი ვარ-მეთქი ვუპასუხე და მაინც თავისი არ დაიშალა.მომაჩეჩა ხელში პატარა,ყვითელი ფურცელი და მწვანე კალამი.მეც ღრმად ჩავისუნთქე და წერა დავიწყე.

მინდოდა მისთვის დამეწერა,რამე ფერადი და რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს,ასე დავიწყე:

“როცა ღამის წყვდიადი გაიფანტება და ღრუბლები ცას მოშორდებიან.სამყაროს ყველაზე ღრმა უფსკრულიდან ვებერთელა,ცეცლწაკიდებული ბურთი ამოჰყოფს თავს.. განათდება და გაფერადდება სამყარო.გათბებიან ღამის სიცივეში გათოშილი ცხოველები.მოწყენილი მცენარეები მსწრაფლ ცისკენ აღმართავენ თავებს.იცი მერედა,როგორ იზიდავს ეს ვებერთელა მცხუნვარე ბურთი ყველაფერს? დედამიწაზე მეტადაც კი.ეს ჩვენი დედამიწაც ისე მაგრად გვეჭიდება,რომ ერთხელაც დაიღლება.. მზესთან ბრძოლას წააგებს.ერთს შეისუნთქავს ბურთი და ბაჰ! ჩვენც მის გულში აღმოვჩნდებით.გავთბებით.

ვიცი,რომ გინახავს იგი ცაზე,მაგრამ ჩაგიხედავს მის გულში? მიპასუხებ ძალიან შორსააო,მაგრამ დამიჯერე იგია ყველაზე ახლოს ჩვენს გულებთან.გვითბობს ყოველ უმცირეს ნაწილაკს სხეულისას.გახსოვდეს ეს დედამიწა აქცევს მას ზურგს! ეჭვიანი დედამიწა.. სიცივესა და ყინვისკენ,რომ გვაბრუნებს.მათ ვისაც ვუყვარვართ ბოროტებისთვის არ გვიმეტებენ..”

ასე ვიყავი გართული წერაში,როცა შემაჩერა და გამიმხილა არც კითხვა ვიცი და არც წერაო.მაშინ გადავწყვიტე თვითონ წამეკითხა.

No comments:

Post a Comment